სკოლა ,,ოლიმპი’’ აფუძნებს საგაზაფხულო ფესტივალს ზოგადსაგანმანათლებლო (კერძო და საჯარო) სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებისათვის. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ბერძნული კულტურის (ანტიკური, შუასაუკუნეების, თანამედროვე) პოპულარიზაციას.
სკოლა ,,ოლიმპის’’ ინიციატივა გაზიარებულია ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელობის მიერ. ფესტივალის კონსულტანტია ქ–ნი მაია კაკაშვილი.
ფესტივალის წარდგენა მოხდება 2011 წლის 25 მარტს, საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს, სკოლა ,,ოლიმპის’’ სააქტო დარბაზში.
ქ. თბილისის საერო სკოლა ,,ოლიმპი’’
წარმოგიდგენთ საპროექტო წინადადებას
ბერძნული კულტურის ფესტივალი
,,ოლიმპოს მწვერვალი’’
ქ. თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო და კერძო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებისათვის
ქ. თბილისის საერო სკოლა ,,ოლიმპის’’ აფუძნებს ყოველწლიურ საგაზაფხულო ფესტივალს, ,,ოლიმპოს მწვერვალს,’’ რომელიც ხელს შეუწყობს ანტიკური და თანამედროვე ბერძნული კულტურის პოპულარიზაციას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქ. თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო (საჯარო და კერძო) სკოლების მოსწავლეები.
ფესტივალი მიზნად ისახავს, მრავალფეროვანი აქტივობების სტიმულირებით (სახვითი/გამოყენებითი ხელოვნება, სპექტაკლი, ვიქტორინა, პროექტი, წერითი აქცია), ამ აქტივობების საფესტივალო ფორმატებად შეთავაზებით, ხელი შეუწყოს ბერძნული ცივილიზაციის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას სამეცნიერო ცენტრთან – ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, სამეცნიერო ცენტრის საქმიანობის პოპულარიზაციით.
საფესტივალო ფორმატები:
1. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა–კონკურსი /დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის/; გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები (ნახატები, კოლაჟები, ნაძერწები, ნაქარგები) უნდა ასახავდეს ბერძნული მითოსისა და ისტორიის რეალიებს; დასაშვებია გუნდური ნამუშევრის წარმოდგენა; ყოველ ნამუშევარს უნდა ერთვოდეს მოკლე ანოტაცია ჩანაფიქრის, სათაურის, მასალის, ავტორისა და სკოლის მითითებით; გამოფენის ადგილი: სკოლა ,,ოლიმპის’’ სააქტო დარბაზი; თითოეულმა სკოლამ, შესაძლოა, წარმოადგინოს ნამუშევრების მაქსიმალური რაოდენობა – 15-20 ნამუშევარი;
2. ლიტერატურული კომპოზიციებისა და სპექტაკლების კონკურსი დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებისათვის; საკონკურსო ნამუშევრები უნდა შეიქმნას ბერძნული მითოლოგიის, ისტორიისა და ლიტერატურის ნიმუშების საფუძველზე; კომპოზიცია უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ასაკობრივ მოცემულობებს, მოსწავლეებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ კომპოზიციის შინაარსი; შეფასებისას ყურადღება გამახვილდება მოსწავლეთა მეტყველების გამართულობაზეც; სპექტაკლების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 40 წუთს, ლიტერატურული კომპოზიციების ხანგრძლივობა – 30 წუთს; სპექტაკლებსა და კომპოზიციებში, სასურველია, ბერძნული მუსიკისა და ცეკვის ელემენტების ჩართვა; სპექტაკლებისა და კომპოზიციების წარმოდგენის ადგილი – სკოლა ,,ოლიმპის’’ სააქტო დარბაზი; თითოეული სკოლა წარმოადგენს 1 სპექტაკლს/ კომპოზიციას.
3. ბერძნული მითების სამყაროში – ვიქტორინა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საშუალო საფეხურების მოსწავლეებისათვის ,,რა? სად? როდის?’’ თამაშების პრინციპით; გუნდების შემადგენლობა განისაზღვრება 6 მოთამაშით. გუნდმა უნდა შეარჩიოს სახელწოდება, წარმოადგინოს მოთამაშეთა სია კაპიტნის მითითებით. ვიქტორინის ჩატარების ადგილი – სკოლა ,,ოლიმპი;’’
4. პროექტები – შუასაუკუნეებისა (ბიზანტიური) და თანამედროვე ბერძნული სახელმწიფოს კულტურული ცხოვრების შესახებ (ბერძნული ლიტერატურა, ეკონომიკა და პოლიტიკა, ხელოვნება, ქართულ–ბერძნული ურთიერთობები); ზოგადასაგანმანათლებლო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ გუნდური პროექტები ზემოხსენებული მიმართულებებით; პროექტის პრეზენტაციამ თვალსაჩინო უნდა გახადოს თითოეული წევრის როლი და ფუნქცია გუნდური მუშაობის პროცესში, ასევე, პროექტების მაქსიმალური რაოდენობა თითოეული სკოლიდან – 5; პროექტების წარმოდგენის ადგილი – სკოლა ,,ოლიმპი;’’ პროექტის პრეზენტაციის ხანგრძლივობა – 15–20 წუთი; საუკეთესო ნამუშევრების წარმოდგენა მოხდება კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში;
5. ანალიტიკური წერა _ საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის; დავალებები წერითი აქციისათვის შეიძლება მოიცავდეს არა მხოლოდ წერის მიმართულებებს, არამედ – წერის პროცესის ხელშემწყობ ვრცელ ტექსტურ მასალასაც, რომლის გადამუშავება–გააზრება მოხდება თვით წერის პროცესში. დავალებები მოიცავს თანამედროვე და/ან ანტიკური ხანის ავტორების ნაწარმოებების ვრცელ მონაკვეთებს, რომელთა გაანალიზებაც დაევალებათ მოსწავლეებს.
6. ბერძნული ენის კონკურსი – თანამედროვე ბერძნული ენის კონკურსი თბილისის იმ სკოლების მოსწავლეებისათვის, რომლებშიც ისწავლება ეს ენა წრეობრივი ან ფაკულტატური სახით.
თითოეულ სკოლას შეუძლია მონაწილეების წარმოდგენა მაქსიმუმ ორი ფორმატში. ფორმატის დამატების შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორი განიხილავს ინდივიდუალურ მოთხოვნას სკოლიდან შესაბამისი არგუმენტაციის საფუძველზე.
რესურსები
ა) ქ. თბილისის საერო სკოლა ,,ოლიმპი’’ მზად არის, გამოყოს საგამოფენო სივრცე, სკოლის სააქტო დარბაზი და სცენა დაუთმოს სპექტაკლებს, ჩაატაროს წერითი აქცია, პროექტების პრეზენტაცია და ვიქტორინა;
ბ) კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი: ინსტიტუტის თანამშრომლების მხარდაჭერა იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც მოისურვებენ პროექტებზე მუშაობას. მოსწავლეებს, სასურველია, მიეცეთ სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება. ინსტიტუტის თანამშრომლების კონსულტაციები საორგანიზაციო და საკონკურსო მასალების მომზადებაში (კითხვარები, დავალებები, ტექსტები და ავტორები);
გ) ფესტივალის მონაწილეთა დასაჯილოებლად სკოლა ,,ოლიმპისა’’ და ინსტიტუტის მიერ წახალისების ერთობლივი ფორმები შემუშავდება (სიგელები, დიპლომები, წიგნები და სხვა).
დ) ფესტივალისათვის მზადების პროცესში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში, სასურველია, მოეწყოს სკოლების მოსწავლეთა ჯგუფების ექსკურსიები, რათა ბავშვებს წარმოდგენა ჰქონდეთ ინსტიტუტის საქმიანობაზე, პუბლიკაციებსა და პროგრამებზე. ექსკურსიების განრიგი შეთანხმდება ცენტრსა და სკოლა ,,ოლიმპს,’’ ასევე, ფესტივალში მონაწილე სხვა სკოლების ადმინისატრაციებს შორის.
წარმოდგენილ დებულებას დაერთვის განაცხადების ფორმები სკოლებისათვის და შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.
ვადები
ფესტივალის დებულების გავრცელება – 2011 წლის თებერვალი–მარტი;
საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს, 25 მარტს, სკოლა ,,ოლიმპი’’ პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებს, საბერძნეთის საელჩოსა და საზოგადოებას წარუდგენს ფესტივალს;
გამოფენა 2011 წლის მარტის დასასრული – აპრილის დასაწყისი;
ვიქტორინა – 2011 წლის აპრილის დასაწყისი;
სპექტაკლები, წერითი აქცია – 2011 წლის აპრილი;
პროექტები – 2011 წლის აპრილი–მაისი;
ფესტივალის დახურვა, გამარჯვებულთა დაჯილდოება – 2011 წლის მაისი;
ვადები დაკონკრეტდება ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
რეგისტრაციის დასასრული – 2011 წლის 1 აპრილი;
პატივისცემით,
ლელა წიქარიშვილი 593 32 01 28
tsikarishvililela@gmail.com