,,ოლიმპში’’ ფესტივალ ,,ოლიმპოს მწვერვალის’’ ფარგლებში ჩატარდა ანალიტიკური წერის აქცია

,,ოლიმპში’’ ფესტივალ ,,ოლიმპოს მწვერვალის’’ ფარგლებში ჩატარდა ანალიტიკური წერის აქცია. 7.05.2011

ქ. თბილისის საერო სკოლა ,,ოლიმპში’’ ფესტივალ ,,ოლიმპოს მწვერვალის’’ ფარგლებში 2011 წლის 7 მაისს ჩატარდა ანალიტიკური წერის აქცია. წერის პროცესში მონაწილეობდა 50–მდე მოსწავლე ქ. თბილისის N150–ე, N153–ე, N 52–ე საჯარო სკოლებიდან, თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიიდან, სკოლა ,,ოლიმპიდან.’’ ანალიტიკური წერის აქციისათვის განსაზღვრული იყო დრო – 4 ასტრონომიული საათი (11:00–15:00). წერის დაწყებამდე ფესტივალის ორგანიზატორმა, სკოლა ,,ოლიმპის’’ დირექტორმა, ლელა წიქარიშვილმა, მოსწავლეებს განუმარტა დავალებების სპეციფიკა, გააცნო წერის მიმართულებები და მითითებები. წერის პროცესში მოსწავლეებს შეეძლოთ, ესარგებლათ სკოლა ,,ოლიმპის’’ ბიბლიოთეკაში დაცული ლიტერატურით, ასევე, ინტერნეტით. წერამ საქმიან, შემოქმედებით და კეთილგანწყობილ ატმოსფეროში ჩაიარა.
წერთი სამუშაო ორნაწილიანი გახლდათ და ითვალისწინებდა ვრცელი ამონარიდების, თეზისური მოცემულობების დამუშავებასა და მითითებების მიხედვით ნამუშევრის აგებას; 
ლიკურგე /სპარტა/
... სამშობლოდან გამგზავრებული ლიკურგე პირველად კრეტაზე მივიდა... კრეტის ბრძენ და პოლიტიკოსებად მიჩნეულ პირებში ლიკურგემ გამოარჩია ერთი კაცი, სახელად თალესი, რომელიც ... დაიყოლია სპარტაში გამგზავრებულიყო. ამ თალესს სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც ლირიკული სიმღერების პოეტს, მაგრამ პოეტური ხელოვნების სამოსელით აკეთებდა იმ საქმეს, რასაც უძლიერესი კანონმდებლები. მისი სიმღერები მორჩილებისა და ურთიერთთანხმობისაკენ მოწოდების სიტყვები იყო... შეიძლება ითქვას, თალესმა ამით ერთგვარად გზა გაუკაფა ლიკურგეს თანამემამულეთა აღზრდის საქმეში... ეგვიპტელები ფიქრობდნენ, რომ ლიკურგე მათ ქვეყანასაც ესტუმრა და, რაკი ძალიან მოეწონა ეგვიპტელთა მიერ შემოღებული წესი მეომართა ფენის გამოყოფისა საზოგადოების დანარჩენი ნაწილისაგან, ეს წესი სპარტაში გადაიტანა, დღიური მუშები და ხელოსნები ცალკე ფენად გამოყო და ამით სახელმწიფო წყობა მართლაც გააკეთილშობილა...


იმ სიახლეთაგან, რომლებიც ლიკურგემ შემოიღო, უპირველესი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო უხუცესთა საბჭოს დაწესება... მანამდე სახელმწიფო მეტად მერყეობდა. იგი ხან მეფეებისკენ იხრებოდა და მმართველობა ტირანიისკენ მიჰყავდა, ხან ხალხს უჭერდა მხარს და დემოკრატიულ წყობას უახლოვდებოდა. უხუცესთა საბჭო... შუა წერტილში დადგმული საპირწონე იყო, რომელიც წონასწორობას ამყარებდა და უშიშროებასა და მყარ წესრიგს იცავდა...


... ლიკურგე ფიქრობდა, რომ საგანგებო მორთულობა ხელს როდი შეუწყობდა გონივრულ ბჭობას, პირიქით, შეუშლიდა კიდეც: საქმისათვის შეკრებილებს საღი მსჯელობის უნარი ქარაფშუტული აზრებით შეეცვლებათ, თუ ქანდაკებებსა და სურათებს, თეატრის სამკაულებსა და საბჭოს შენობების ოსტატურად მორთულ ჭერს დაუწყებენ ჭვრეტასო... .რკინის ფულის შემოღებით ლიკურგემ მრავალი სახის ბოროტმოქმედება განდევნა ლაკედემონიიდან. მართლაც, განა ვინ მოიპარავდა, ვინ აიღებდა ქრთამად ან ძალით გაიტაცებდა იმას, რის დამალვაც არ შეიძლებოდა, არასახარბიელო საქონელი იყო და დამსხვრევის შედეგადაც უსარგებლო რჩებოდა?..


...ამის შემდეგ ლიკურგემ სპარტიდან გააძევა ყოველგვარი უსარგებლო და უქმი ხელოვნება... ხელოვნების დიდი ნაწილი ძველ ფულთან ერთად თავისთავად გაქრებოდა. საკუთარი ნაწარმის გასაღება შეუძლებელი გახდა. სხვა ბერძნებში რკინის ფულს გასავალი არ ჰქონდა უფასურობის გამო. ამ ფულს ყველა დასცინოდა. სპარტელებს უცხოური ფუფუნების საგნების ყიდვა აღარ შეეძლოთ. მათ ნავსადგურებს სავაჭრო ხომალდები აღარ ეკარებოდა... მდიდრები უპირატესობით ვეღარ სარგებლობდნენ; მათ ქონებას ძალა დაეკარგა და როგორც უსარგებლო რამ, სახლებში ჩაკეტეს. სპარტელებმა შესანიშნავად დაიწყეს კეთება ყოველდღიურად სახმარი ისეთი აუცილებელი საგნებისა, როგორიცაა საწოლი, სკამი, მაგიდა... 


მესამე ყველაზე შესანიშნავი წესი იყო საჯარო სადილობის წესი - სისიტიები. სადილობის ჟამს მოქალაქეებს თავი უნდა მოეყარათ და ეჭამათ საერთო საჭმელი. მათ აკრძალული ჰქონდათ სახლში სადილობა, მაგიდასთან მიდგმულ ძვირფას სარეცელზე წამოგორება და დახელოვნებულ მზარეულთა ნახელავი ნუგბარი საჭმელების მიღება... საჯარო სადილების დაწესებით... სიმდიდრემ მიმზიდველობა დაკარგა და დაკნინდა. როცა მდიდარი ღარიბთან ერთად მიდიოდა სადილად, უკვე აღარ იყო საჭირო საგანგებო მზადება და თვალის დასატკბობად ბრწყინვალე სუფრის გაშლა. შინ სადილობა და სისიტიებზე გამძღარი მისვლა აკრძალული იყო... სისიტიები ხალხს უბრალოებასა და მომჭირნეობას ასწავლიდა... სისიტიებზე ხშირად დაჰყავდათ ბავშვებიც, როგორც თავდაჭერისა და ქცევების შესასწავლ სკოლაში. აქ ბავშვები ისმენდნენ საუბარს პოლიტიკაზე, ეჩვეოდნენ გართობას, ზომიერ ხუმრობასა და სხვისი დაცინვის ატანას. დაცინვის მოთმენა სპარტელის დიდებულ თვისებად ითვლებოდა. ვინც ვერ იტანდა, შეეძლო ეთხოვა, დახსნოდნენ და დამცინავიც მყისვე დაეხსნებოდა...


...ლიკურგემ სპარტელი ქალების გაჯანსაღების საქმეს საკმაო ყურადღება დაუთმო. ქალიშვილების გასაკაჟებლად მან სირბილი, ჭიდაობა, შუბისა და დისკოს ტყორცნა დააწესა, რათა მათ ჯანსაღ სხეულში ჩასახული ნაყოფიც ძლიერი და ღონიერი ყოფილიყო... ლიკურგემ ქალიშვილებს აუკრძალა ნებივრობა, სახლში ჩაკეტვა და ფუფუნებით ცხოვრება...


...ლიკურგე ამტკიცებდა, ბავშვები სახელმწიფო კუთნილებაა და არა მამებისო. ამიტომ სურდა მომავალი მოქალაქეები საუკეთესო ადამიანებისაგან წარმოშობილიყვენენ და არა შემთხვევითი პირებისაგან... ბავშვის აღზრდის უფლება მშობელს არ ჰქონდა... ახალშობილს გასინჯავდნენ. თუ ღონიერი და საღი აღმოჩნდებოდა, უხუცესები ბრძანებას გასცემდნენ ბავშვი გამოეზარდათ... თუ ყმაწვილი სუსტი და უსახური გამოდგებოდა, ტაიგეტის მახლობლად მდებარე უსფკრულში ისროდნენ. უხუცესთა აზრით, დაბადებიდანვე უსუსური და ტანდალეული ბავშვის სიცოცხლე საკუთარი თავისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც უსარგებლო იქნებოდა...


თორმეტი წლის ასაკს რომ მიაღწევდნენ, ისინი უკვე უქიტონოდ დადიოდნენ და ამიერიდან წელიწადში თითო წამოსასხამს იღებდნენ... ბავშვებს ასწავლიდნენ მახვილსიტყვაობას, მოხდნილ, მოსაზრებულ და სხარტ ლაპარაკს... ყმაწვილები ლიკურგემ ხანგრძლივ დუმილს მიაჩვია და ამ გზით მოსწრებული და აზრიანი პასუხის გაცემა ასწავლა... ...ლაშქრობის დროს სპარტელები უფრო ნაკლებ და მსუბუქად ვარჯიშობდნენ, შედარებით თავისუფალი ქცევისათვის ახალგაზრდა მეომრებს აღარ სჯიდნენ და სასტიკ პასუხს აღარ სთხოვდნენ. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ სპარტელები ერთადერთი მეომრები იყვენ მთელ ქვეყანაზე, ვისთისაც ომი ერთგვარ დასვენებას წარმოადგენდა... სპარტელები, როცა გაიმარჯვებდნენ და მტერს უკუაქცევდნენ, მანამდე სდევნიდნენ, სანამ მოპოვებულ გამარჯვებას არ განიმტკიცებდნენ. მერე კი უკან გამობრუნდებოდნენ. დამარცხებული ხალხის გაჟლეტას ბერძნებისათვის შეუფერებელ და უზნეო საქმედ თლიდნენ...


...სპარტელების აღზრდა სრულწლოვანებამდე გრძელდებოდა, მაგრამ არც ამის შემდეგ ჰქონდათ უფლება ვისმე ეცხოვრა ისე, როგორც მოისურვებდა. სპარტელები ქალაქში ისე ცხოვრობდნენ, ვით სამხედრო ბანაკში: ემორჩილებოდნენ განსაზღვრულ წესს, ეწეოდენენ საზოგადოებრივ საქმიანობას და თვლიდნენ, რომ ისინი ეკუთნოდნენ არა საკუთარ თავს, არამედ სახელმწიფოს. თუ რაიმე დავალება არ ჰქონდათ, მაშინ ბავშვებს ადევნებდნენ თვალყურს, ასწავლიდნენ რასმე სასარგებლოს, ანდა თვითონვე სწავლობდნენ უხუცესებისაგან... ...სპარტელებს სრულიად აკრძალული ჰქონდათ ხელოსნობა. ქონების დაგროვება, რაიც ეგზომ დიდ წვალებასა და ჯაფასთანაა დაკავშირებული, არავის არ სჭირდებოდა, ვინაიდან სიმდიდრე არავის არ შურდა და თან ყოველგვარი პატივი აყრილი ჰქონდა. მიწას სპარტელთათვის ამუშავებდნენ ჰილოტები (მონები) და დათქმულ ღალას იხდიდნენ... სასამართლო ფულთან ერთად გააძევეს სპარტიდან. აქ აღარ იყო სიმდიდრე და სიღარიბე: დოვლათს თანასწორობა ქმნიდა. ზომიერი, სადა ცხოვრებით იოლად მიდიოდნენ. სპარტელები ერთობოდნენ ნდირობით, გიმნასტური შეჯიბრებებითა და ერთმანეთში მუსაიფით, თუ, რა თქმა უნდა, სალაშქროდ არ იყნენ წასული... ლიკურგე ნებას არ აძლევდა არც ერთ მსურველს სამშობლოდან გამგზავრებულიყო და სხვა ქვეყნებში ეხეტიალა. იგი შიშობდა, სპარტიდან წასულებს არ ჩამოეტანათ უცხო ჩვევები და არ მიებაძათ სხვების უწესრიგო ცხოვრებისა და ნაირ-ნაირი სახელმწიფო წყობილებისათვის. მეტიც: სპარტაში უსაგებლოდ ჩამოსულ უცხოელებს იგი აძევებდა ქალაქიდან...


სოლონი /ათენი/


სოლონმა, სულ ახალგაზრდამ, ჯერ ვაჭრობას მოჰკიდა ხელი. ზოგიერთის სიტყვით, სოლონს მოგება როდი აინტერესებდა, უფრო მეტად გამოცდილებისა და ცოდნის მიღების წყურვილით მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში... სოლონი პოეზიით ერთობოდა მხოლოდ და თავისუფალ დროს ამაში კლავდა... ლექსებში ხშირად პოლიტიკურ შეხედულებებსაც აქსოვდა.


... ათენში კვლავ დაიწყო ძველი მღელვარება სახელმწიფო წყობილების გამო... ზოგნი უკიდურესი დემოკრატიის (ხალხის მმართველობა) მომხრეები იყვნენ, ზოგნი - ოლიგარქიისა (მცირე ჯგუფის მმართველობა), ისინი, რომლებიც ყველაფერს ამჯობინებდნენ სახელმწიფოში ნარევ, საშუალო წყობას, მეტისმეტად ჯიუტობდნენ და პირველ ორ ბანაკს გამარჯვების საშუალებას არ აძლევდნენ... 


... იმ დროს ღარიბთა და მდიდართა შორის უთანასწორობამ ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ ქალაქი დიდი განსაცდელის პირას აღმოჩნდა. ასე ჩანდა, თითქოს ერთადერთ გამოსავალი, რაც ხალხს წონასწორობას აღუდგენდა და არეულობას მოსპობდა, ტირანია (ერთპიროვნული მმართველობა) უნდა ყოფილიყო. მთელი უბრალო ხალხი მდიდრების ვალში იყო ჩავარდნილი. გამსესხებელ მევახშეებს მოვალეები შეეძლოთ ან თავის მონებად დაეტოვებინათ, ან უცხო ქვეყანაში გაეყიდათ. ბევრი მოვალე იძულებული იყო საკუთარი შვილები გაეყიდა და მევახშეებს ქალაქიდან გაქცეოდა... ორივე მხარე - მდიდრები და ღარიბები - ერთადერთ უმწიკვლო კაცს, სოლონს, სთავაზობდა ტირანიას და როგორც ძალაუფლებამოპოვებულ კაცს, აქეზებდნენ, რაც შეიძლება გაბედულად მოეკიდა ხელი ქალაქის მართვისათვის... სოლონი ტირანის სახელწოდების გამო ერთმმართველობას ალმაცერად უცქერდა... მართალია, მან ტირანიაზე უარი თქვა, მაგრამ საქმიანობაში მეტისმეტი ლმობიერება როდი გამოიჩინა. კანონთა გამოცემის დროს არც ძლიერთ დაუთმო რამე და არც მათთვის უამებია, ვინც არქონტად აირჩია... 


... სოლონმა ვალების გაუქმებას სეისახთეია უწოდა. ეს იყო მისი პირველი პოლიტიკური ნაბიჯი. ამ კანონით მან არსებული ვალები გააუქმა და მომავალშიც ყველას აუკრძალა თავისუფლების საწინდრით სესხის გაცემა... თვითონ სოლონმა პირველმა აიღო ხელი გასესხებული ხუთი ტალანტის უკან დაბრუნებაზე... სოლონს არც ერთი მხარის გული არ მოუგია. მან დიდად გაანაწყენა მდიდრები, ღარიბები კი იმით დარჩნენ უკმაყოფილონი, რომ მიწები არ გაუნაწილა და ლიკურგესავით თანასწორობა და ერთნაირი ცხოვრება არ შეუქმნა...


სოლონმა გააუქმა დრაკონტის ყველა კანონი, რადგან ისინი მეტად სასტიკი იყო და თითქმის ყველა დანაშაულისთვის მხოლოდ ერთ სასჯელს - სიკვდილს ითვალისწინებდა... დრაკონტის კანონების გაუქმების შემდეგ სოლონმა გადაწყვიტა ყველა დიდი თანამდებობა მდიდრებისთვის დაეტოვებინა, როგორც ეს ძველად იყო, ხოლო ხალხი, რომელსაც წინათ ხელისუფლებაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, მართვა-გამგეობაში ჩაერია. ამისთვის მან მოქლაქეთა ქონებრივი აღრიცხვა მოახდინა. ყველაზე დაბალი შემოსავლისა და ქონების პატრონები - თეტები - თანამდებობებს ვერ დაიკავებდნენ, თუმცა, სახელმწიფო მართვა-გამგეობაში მათი მონაწილეობა იმით გამოიხატებოდა, რომ სახალხო კრებებსა და სასამართლოს სხდომებს ესწრებოდნენ და მსაჯულობდნენ...


... სოლონი თვლიდა, რომ საჭირო იყო უფრო მეტად დაეცვა უმწეო მოქალაქენი. ამიტომ უფლება მისცა ყველას სასამართლოს ძალით გამოსარჩლებოდნენ შეურაცხყოფილ კაცს. თუ ვინმე ნაცემი, დაზარალებული ან ძალმომრეობით დაჩაგრული აღმოჩნდებოდა, ყველ მსურველს, ვისაც კი შესაძლებლობა ჰქონდა, ნება ეძლეოდა ბრალი დაედო უკანონობის ჩამდენისათვის და მის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში აღეძრა... უმაღლესი საბჭო - არეოპაგი სოლონმა სახელმწიფო საქმეთა ზედამხედველად და კანონთა დამცველად დააწესა... სოლონის კანონთაგან მეტად თავისებურია და უცნაური ის კანონი, რომელიც პატივს ჰყრის იმ მოქალაქეს, ვინც შინაური მღელვარების დროს არც ერთ მებრძოლ მხარეს არ მიემხრობა. სოლონს, როგორც ჩანს, უნდოდა არავინ ყოფილიყო გულგრილი საერთო საქმის მიმართ და არ დაკმაყოფილებულიყო იმით, რომ მასა და მის ქონებას საფრთხე არ მოელოდა. სამშობლოს ჭირ-ვარამი ყველას ერთნაირად უნდა გაეზიარებინა. სოლონი მოითხოვდა, შფოთის ატყდომისთანავე ყოველი მოქალაქე დამდგარიყო სამართლიანი საქმისათვის მებრძოლთა მხარეზე და მათი განსაცდელის გაზიარება და მათთვის დახმარების გაწევა უფრო სასიქადულო საქმედ მიეჩნია, ვიდრე განზე უშიშრად დგომა და ლოდინი, ვინ გაიმარჯვებდა...
სოლონმა აკრძალა მიცვალებლთა აუგად ხსენება და ცოცხალთა ლანძღვა ტაძრებში, სასამართლოებში, საგამგებლო შენობებსა და შეჯიბრებებზე. ამ კანონის დარღვევისათვის დააწესა ჯარიმა... სოლონმა დიდი სახელი მოიხვეჭა ანდერძის თაობაზე გამოცემული კანონითაც. მანამდე ათენელებს ანდერძის დატოვების უფლება როდი ჰქონდათ. მიცვალებულის უძრავ-მოძრავი ქონება მის გვარში უნდა დარჩენილიყო. სოლონმა კი, მისცა რა უპირატესობა ნათესაობაზე მეტად მეგობრობასა და პირად სურვილს, უშვილო კაცს ნება დართო, ქონება ვისთვისაც უნდოდა, იმისთვის დაეტოვებინა. ამით მან ყოველი კაცი საკუთარი სიმდიდრის ბატონ-პატრონი გახადა... ათენი ყოველდღიურად ივსებოდა ხალხით... ატიკის მიწა საკმაოდ მწირი იყო, ხოლო ვაჭრებს ზღვით ჩვეულებრივ არაფერი არ შემოჰქონდათ იმ მოსახლეობისათვის, რომელსაც გადასაცვლელი არარა გააჩნდა. სოლონმა ამის გამო მოქალაქენი წაახალისა, ხელოსნობისათვის მიეყოთ ხელი და გამოსცა კანონი, რომლის ძალითაც შვილი არ იყო ვალდებული, ერჩინა მამა, თუ იგი რაიმე ხელობას არ შეასწავლიდა...


... ლიკურგეს ცხოვრება უხდებოდა უცხოთაგან თავისუფალ ქალაქში. მას ის ქვეყანა ეჭირა, რომელიც მრავალ მოსახლეს აკმაყოფილებდა და ორგზის მეტსაც ეყოფოდა. ლაკედემონია სავსე იყო ჰილოტებით. ეს ჰილოტები უქმად კი არ უნდა ყოფილიყვნენ, არამედ განუწყვეტლივ ეშრომათ თვინიერად და მორჩილად. ამიტომ, ლიკურგეს უკეთესი შესაძლებლობა ჰქონდა, მოქალაქენი მძიმე შრომისა და უბრალო ხელოსნობისაგან გაეთავისუფლებინა და მუდამ იარაღქვეშ ჰყოლოდა, რათა მხოლოდ ერთი - ომში გამოსადეგი ხელობა ესწავლათ და ამაში გაწაფულიყვნენ. სოლონი თავის კანონებს ბუნებას უხამებდა. რაკი ბუნებით მწირი მხარე მიწის მუშას ძლივს აკმაყოფილებდა და უქმანისთა და ზარმაცთა გამოკვება აღარ შეეძლო, სოლონმა დიდი პატივი მიანიჭა ხელოსნობას... განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სოლონის კანონს საზოგადოებრივი სუფრის თაობაზე. ხალხის ერთად სადილობას მან პარასიტიები უწოდა... სოლონის აზრით, სადილზე ხშირი დასწრება გაუმაძღრობა იყო, დაუსწრებლობა კი - საყოველთაო წესის უგულებელყოფა...


სოლონის შემდგომ ტირანმა პისისტრატემ სოლონის კანონთა უდიდესი ნაწილი ძალაში დატოვა. იგი თვითონ იცავდა ამ კანონებს და მეგობრებსაც აიძულებდა, ასევე მოქცეულიყვნენ... ამბობენ, რომ პისისტრატემ სოლონის მიბაძვით გამოსცა კანონი, რომლის ძალითაც სახელმწიფო ვალდებული იყო, სახელმწიფო ხარჯზე შეენახა ომში დასახიჩრებული კაცი... ლიკურგე ჰერაკლეს შთამომავალთა მეთერთმეტე თაობას ეკუთვნოდა და მრავალი წლის განმავლობაში ლაკედემონელებზე მფობდა; აქ მან დიდი სახელი, მეგობრები და ძალაუფლება მოიპოვა. ყველაფერი ეს ლიკურგეს შველოდა იმ დიდებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაში, რომლებიც სახელმწიფო მართვის საქმეში ჰქონდა განზრახული. დარწმუნების საშუალებაზე მეტად იგი ძალას იყენებდა, როცა ცდილობდა ქალაქის ხსნისა და თანხმობის საქმეში დიდი წარმატება მოეპოვებინა, რათა მის მოქალაქეთა შორის არავინ ყოფილიყო არც მდიდა და არც ღარიბი. სოლონმა კი ამას ვერ მიაღწია სახელმწიფო მოღვაწეობისას იმიტომ. რომ უბრალო მოქალაქე და საშუალო შეძლების კაცი იყო. მიუხედავად ამისა, ყველაფერი მოიმოქმედა იმ ძალაუფლების შესაბამისად, რაც გააჩნდა. იგი მხოლოდ თავის სურვილსა და მისადმი მოქალაქეთა ნდობას ეყრდნობოდა.


მოცემული ამონარიდების მიხედვით იმსჯელეთ


• ლიკურგეს მიერ სპარტაში შემოღებული კანონებისა და მმართველობის წესის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ;
• სოლონის მიერ ათენში შემოღებული კანონებისა და მმართველობის წესის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ;
• ლიკურგესა და სოლონის კანონმდებლობის გათვალისწინებით, ჩამოაყალიბეთ თქვენი წარმოსახვით დაფუძნებული ქალაქ-სახელმწიფოს მმართველობის წესები.


ოდისევსი
,,თავად ჰომეროსმა გამოარჩია ოდისევსი ელადის უკეთეს გმირთა შორის, ტროას კედლებთან რომ იბრძოდნენ და განსაკუთრებული ხვედრი არგუნა მას... ერთადერთს, ოდისევსს შეეძლო გადაეტანა ყველა ის განსაცდელი, ტროადან უკანმობრუნებისას თავს რომ დაატეხეს კაცთა და ღმერთთა. ხიფათითა და ცდუნებებით სავსე გზაზე მას ვერ იხსნიდა გასაჭირიდან ვერაფერი, მხოლოდ მის გამჭრიახ და ცბიერ გონებას, უძრავ გულსა და შეუდრეკელ ნებას უნდა გადაერჩინა იგი. შემთხვევითი არ არის, რომ ოდისევსის, მწირი და ფიცხელკლდოვანი ითაკას უბრალო ბასილევსს (მეფეს), ზევსის თავიდან შობილი გონიერებისა და სიბრძნის სიმბოლოდ შერაცხილი ქალღმერთი ათენა მფარველობს... მიუხედავად ქალღმერთის მუდმივი მზრუნველობისა, ოდისევსი ყოველთვის ინარჩუნებს არჩევანისა და ნების თავისუფლებას, რასაც ხშირად დაღუპვის პირამდე მიჰყავს იგი. დაუოკებელია მისი სწრაფვა შეუცნობელის შეცნობისა - კიკლოპ პოლიფემეს გამოქვებუიდან მოყოლებული, თვით ჰადესის ბჭეებამდე.


ამავე დროს, ოდისევსი არის პირველი ლიტერატურული გმირი, რომელსაც სამშობლოს ზნეობრივი ღირებულებების მძაფრი შეგრძნება აქვს ჩანერგილი (,,მხოლოდ კვამლი, ითაკას მიწიდან ადენილი კვამლი დაინახოს და მერე თუნდ მოკვდეს;’’ ,,თვალცრემლიანი ოდისევსი ზღვის ნაპირზე იჯდა. სამშობლოზე ფიქრში ილეოდა მისი დღე და წუთისოფელი. თმამშვენიერ ნიმფაზე მას უკვე აღარ მისდიოდა გული, თუმცა მღვიმეში იძულებით ატარებდა ღამეს მის გვერდით. დღისით გულმოკლული იჯდა კლდოვან ნაპირზე, ზღვის შორეულ სივრცეს გასცქეროდა და ცხარედ ტიროდა...’’) ნიმფა კალიფსოს ქმრობასა და მისგან დაპირებულ უკვდავებას ისევ ადამიანად დარჩენა და მოკვდავი პენელოპე ურჩევნია. ფეაკელთა კუნძულზე ნებიერ ცხოვრებას ისევ თავისი მწირი ქვეყანა უჯობს. ითაკასკენ მიისწრაფის იგი დღემუდამ, რათა წვდეს არსებობის მიზანს და ბეწვის ხიდზე გავლით ითაკაში განხორციელებულ თავის ნამდვილ სამშობლოს დაუბრუნდეს...’’ (ზურაბ კიკნაძე, თამაზ ჩხენკელი)


• ტროას ომის დასრულების შემდეგ ოდისევსი და მისი თანამგზავრები ქარბორბალამ კიკონების მხარეში გარიყა. აქ მათ აწყენინეს ღმერთ აპოლონს და ქეიფს გადაყვნენ. კიკონებმა ოდისევსის თანმხლებთაგან მრავალი დახოცეს. ზღვაში შესულები, ისინი ზევსმა დასაჯა ქარიშხლით.
• ზღვაში ცურვისას ოდისევსი და მისი თანამგზავრები ლოტოფაგების ქვეყანას მიადგენენ. აქ მათ მიირთვეს ლოტოსი, რის შემდეგაც ყველაფერი დაივიწყეს. ოდისევსმა, რომელსაც ლოტოსი არ მიურთმევია, მიაგნო ამხანაგებს, ხომალდებზე აათრია, გაკოჭა და ნაპირს გააშორა.
• კიკლოპი პოლიფემი, პოსეიდონის ძე, ცალთვალა გოლიათი, თავის გამოქვაბულში შეხვეწილ ოდისევსის მეგობრებს რიგრიგობით მუსრს ავლებს. ოდისევსი ახერხებს მის დათრობას და ამანაგებთან ერთად  კეტით ერთადერთ თვალს გამოთხრის. ამის შემდეგ ოდისევსი ამოეკვრება მუცელზე ვერძს და ისე გააღწევს კიკლოპის გამოქვაბულიდან. კიკლოპის დაბრმავებით ოდისევსმა განარისხა პოსეიდონი.
• დევივით ლესტრიგონებმა ოდისევსის რამდენიმე მხლებელი შეჭამეს, ხომალდებს კლდის უზარმაზარი ნატეხები დაუშინეს. ოდისევსი რამდენიმე მხლებელთან ერთად მათ ძლივს დაუსხლტა ხელიდან.


• კუნძულ აიაზე ოდისევსი აიეტის დის, ჰელიოსის ასულის, გრძნეული კირკეს ტყვეობაში აღმოჩნდა. კირკემ ოდისევსის მეგობრები ღორებად გადააქცია. კირკეს სარეცელმა ოდისევსს ყველაფერი დაავიწყა, თუმცა მეგობრებმა ოდისევსს სამშობლოში დაბრუნება შეახსენეს. ითაკაზე დაბრუნების სანაცვლოდ კირკემ მოითხოვა, ოდისევსი ჰადესში ჩასულიყო და წინასწარმეტყველება მოესმინა მისან ტირესიასისაგან.


• ოდისევსმა თავი დააღწია მომჯადოებელ სირენებს, რომელნიც გალობით ყველას ყველაფერს ავიწყებდნენ, ასევე, ოდისევსი გადაურჩა მოხეტიალე კლდეებს, სიმპლიგიდებს, ზღვის კლდეების საზარელ ურჩხულებს, სკილასა და ქარიბდას.


• ოდისევსი კუნძულ ოგიგიაზე ნიმფა კალიფსოსთან დაბინავდა. აქ მან შვიდი წელი გაატარა. ნიმფა მას უკვდავებას ჰპირდებოდა, მაგრამ ოდისევსს გული შინ მიუწევდა. კალიფსომ, ზევსის ბრძანებით, ოდიესვსი ხომალდით გზაზე გაისტუმრა. ზღვაში იგი პოსეიდონის რისხვას გადაურჩა და ფეაკთა კუნძულს მიაღწია.


• ოდისევსის ვაჟი, ტელემაქე, ძლივს იგერიებდა ოჯახში შემოჭრილ სასიძოებს, რომლებიც ოჯახს აჩანაგებდნენ გაუთავებელი ქეიფებით. მათ ოდისევსის მეუღლეზე - პენელოპეზე დაქორწინება სურდათ. პენელოპე სასიძოებს ატყუებდა, დღისით იგი სუდარას ქსოვდა ოდისევსის მამის, ლაერტისათვის, ღამით კი არღვევდა. ფეაკებმა ოდისევსს ხელი გაუმართეს, ითაკამდე მიიყვანეს; კუნძულთან მისულებმა, მძინარე ოდისევსი მშობლიური კუნძულზე გადმოსვეს და უკან გაბრუნდენენ. 


• ოდისევსმა ერთგული მსახურებისა და ტელემაქეს დახმარებით სასიძოებს მუსრი გაავლო, ზევსის ნებით მათი მოკვლის გამო შურისძიებაც არ შედგა. ითაკას თავისი ბასილევსი - მრავალტანჯული ოდისევსი დაუბრუნდა.

გამოჩენილი ბერძენი პოეტის, კონსტანტინოს კავაფისის ლექსი
,,ითაკა’’


როცა ითაკას გაემგზავრები, გზა–სავალი გრძელი ინატრე,
ესწრაფოდე თავგადასავლებს და მრავალი რამის შეცნობას,
ნუ გეშინია კიკლოპების, ლესტრიგონების
და მრისხანე პოსეიდონიც ნუ შეგაშინებს,


ისინი გზას არ შეგიკრავენ, თუ შენი ფიქრი წმინდა არის,
თუ შენს სულს და ხორცს
კეთილშობილი მისწრაფება აღელვებს მხოლოდ,
არ შემოგხვდება არც კიკლოპი, არც ლესტრიგონი,


არცა მრისხანე პოსეიდონი,
თუ შენი სული – თავისუფალი, სამალავი არ არის მათი,
თუ შენი სული თავად არ შობს მათგვარ ურჩხულებს...
ინატრე გრძელი გზა–სავალი და მრავალი დილა ზაფხულის,


გამთენიისას, უდარდელი, აღტაცებული,
როს სიხარულით მიადგები ნავსაყუდრებს, აქამდე უცნობს, 
უნდა შეჩერდე ფინიკიურ დახლებთან წამით,
იყიდო ნივთი უძვირფასესი, ნაკეთები სადაფისაგან,


გინა მარჯნისგან, ანდა სულაც აბანოზისგან,
უნდა იგრძნო უამრავი ნელსურნელება,
რომელიც იწვევს, აცხოველებს ვნებათაღელვას...
რმდენიც შესძლო, თან წაიღე,


ჩაიტანე ქალაქებში შორი ეგვიპტის,
რათა ასწავლო და ისწავლო მათგან, ვინაც
გამოცდილება დააგროვა უზარმაზარი...
იფიქრე მხოლოდ ითაკაზე, მუდამ იფიქრე,
იქ მიბრუნება არის შენი დიდი მიზანი;


გზაში მაინც ნუ აჩქარდები.
დაე, გაგრძელდეს წლობით შენი მოგზაურობა,
რომ დაბრძნილი და უხუცესი მიადგე კუნძულს
ხეტიალში სულით და გულით გამდიდრებული...


არც კი იფიქრო,
რომ ითაკა დაგახვედრებს ლხინს და სიმდიდრეს,
ისედაც ბევრი საუნჯე და განძი გიბოძა,
რომ არ ითაკა, შენ გზას როდი გაუდგებოდი,
მეტს ვერას მოგცემს, უნდა იკმარო!


დაე, ღარიბად დარჩეს ითაკა,
სულს სიცრუე ხომ არ დასცდენია!
როცა დროისგან გამოიცდები, აზრს რომ მოიკრებ და დაბრძენდები, 
თავად მიხვდები, რა ფასი აქვს შენთვის ითაკას.
მოცემული განმარტებებისა და კავაფისის ლექსის მიხედვით დაწერეთ ესე
,,თავად მიხვდები, რა ფასი აქვს შენთვის ითაკას’’