მოსწავლეთა სასახლეში სკოლა "ოლიმპის” და მიხეილ ჯავახიშვილის ბინა-მუზეუმის ინიციატორობითა და ორგანიზატორობით, მწერლის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საქალაქო კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა. "ოლიმპი'' 16–21 დეკემბერის ჩათვლით კონკურსის 250–მდე მონაწილეს თბილისის 28 სკოლიდან მასპინძლობდა.
კონკურსი, რომლის დევიზი "მწერალი არის ის, ვინც თავის ერს ანთებული სანთელივით ჩაუდგება სულში” იყო, სამ ფორმატში გაიმართ. პირველი – ანალიტიკური წერის აქცია სკოლაში ჩატარდა და დავალებები მიხეილ ჯავახიშვილის მხატვრული და პუბლიცისტური ტექსტებიდან და მისივე უბის წიგნაკის ჩანაწერებიდან შეირჩა. მეორე ფორმატი მოხსენებას ან პროექტს მოიცავდა, რომელიც გულისხმობდა მიხეილ ჯავახიშვილის, არამხოლოდ მხატვრულ, არამედ პუბლიცისტურ მემკვიდრეობასა და ბიოგრაფიულ დეტალებზე მსჯელობას და მწერლის ურთიერთობების წარმოჩენა სხვა მწერლებისა და მოაზროვნეების მემკვიდრეობასთან კავშირში. მესამე სასცენო ფორმატი კი ლიტერატურული კომპოზიციისა ან სპექტაკლის წარმოდგენას გულისხმობდა.
კონკურსში მონაწილეები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილისა და მწერლის ქალიშვილის რუსუდან ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით, კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. "ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ამ საინტერესო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეობა მერგო წილად. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემს ბავშვობაში ასეთი სიგელი და მედალი რომ მიმეღო, დარწმუნებული ვარ, უფრო უკეთესად დავწერდი.მე ძალიან მომწონს ჩვენი სახელოვანი მწერლების იუბილეების აღნიშვნის მსგავსი ფორმა. ვფიქრობ, მათი ღვაწლის წარმოსაჩენად ლიტერატურული კონფერენციები და მსგავსი კონკურსები ბევრად უფრო საინტერესო ფორმა გახლავთ”.- განაცხადა ზაალ სამადაშვილმა.
კონკურსი თბილისის მერიის, საკრებულოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.წარმატებულ მონაწილეებს ოქროს სპონსორმა "იმედი L''–მა, მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური მუზეუმმა და სკოლამ "ოლიმპი'' სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცეს, ხოლო ქ. თბილისის მერიამ წარმატებული მონაწილეები და გამარჯვებული სკოლები დიპლომებითა და მიხეილ ჯავახიშვილის მედლებით დააჯილდოვა. „ოლიმპი“ კონკურსის ორგანიზებისთვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.